რატომ გახდა არაფორმალური განათლება მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის
- Golden Compass

- Nov 18
- 2 min read
Updated: Dec 5
თანამედროვე განათლების სისტემა სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ სწავლა მხოლოდ საკლასო ოთახში არ მიმდინარეობს. არაფორმალური განათლება, რაც გულისხმობს სხვადასხვა პრაქტიკული, შემოქმედებითი ან სოციალური აქტივობის გზით სასწავლო პროცესის საკლასო ოთახს მიღმა გატანას, დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. და ეს არ არის შემთხვევითი. დაუსვით შეკითხვა თქვენს შვილს ან ახალაგაზრდა მეგობარს, თუ როდის სწავლობენ ისინი რეალურად: როდესაც კლასში სხედან და დავალებებს წერენ, თუ როდესაც მეგობრებთან ერთად მოხალისეობრივად პროექტზე მუშაობენ და პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებენ?

რატომ არის არაფორმალური განათლება მნიშვნელოვანი?
დღეს სულ უფრო მეტი მკვლევარი თანხმდება, რომ არაფორმალური განათლება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ტრადიციული, ფორმალური აკადემიური სისტემა. უფრო მეტიც, ზოგ შემთხვევაში ის ისეთივე, ან კიდევ უკეთესი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს, რადგან სწავლების პროცესს თავისუფლების, ინტერესისა და შინაგანი მოტივაციის საფუძველზე აყალიბებს. არაფორმალური განათლება იძლევა საშუალებას შევავსოთ არა მხოლოდ სწავლების მეთოდები, არამედ სწავლების შინაარსიც, რომელსაც ტრადიციული განათლების სისტემა მიყვება.
როგორ ავითარებს არაფორმალური განათლება ახალგაზრდებს?
კლასგარეშე აქტივობები, მოხალისეობრივი საქმიანობა, სათავგადასავლო პროექტები თუ არაფორმალური ბანაკები დღეს აღარ არის მხოლოდ დამატებითი გამოცდილება ახალგაზრდებისთვის. არაფორმალური განათლება, ის მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც აყალიბებს მოზარდის ქცევას, აზროვნებას და სამყაროსთან ურთიერთობის უნარებს. სწავლა გართობითა და თამაშით ავსებს სწავლების ტრადიციულ მიდგომას და შემეცნებას ბუნებრივ და ინტერაქტიულ გამოცდილებად აქცევს. ამ პროცესში ადამიანები ვერც კი ამჩნევენ, რომ რაღაც ახალს სწავლობენ იმდენად ორგანულად მიმდინარეობს იგი.
კვლევებით დადასტურებულია, რომ არაფორმალური განათლება ხელს უწყობს ისეთი აუცილებელი უნარების განვითარებას, როგორიცაა:
თავდაჯერება
მედეგობა
შეუპოვრობა
მიზანდასახულობა
გუნდური მუშაობა
ლიდერობა.
ეს უნარები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კარიერული გზის დასაწყისში, არამედ ცხოვრების ყველა ეტაპზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოზარდი დამოუკიდებელ ცხოვრებაში გადასვლას იწყებს.
არაფორმალური განათლება ოქროს კომპასისთვის
არაფორმალური განათლების მთავარი ღირებულება ინდივიდზე ფოკუსირებაა. სწორედ ეს ღირებულება წარმოადგენს ოქროს კომპასის გუნდის ქვაკუთხედსაც. ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეულმა ახალგაზრდამ საკუთარი ნიჭი არა მხოლოდ სწორად გამოიყენოს, არამედ გამოავლინოს და აღმოაჩინოს ახალი უნარები და ინტერესები ,რათა თავი ბედნიერ, სრულფასოვან და საზოგადოებისთვის სასარგებლო წევრად იგრძნონ. ოქროს კომპასის აქტივობები არამხოლოდ პროფესიის არჩევასა და კარიერულ განვითარებაში მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი პროგრამების მონაწილეებმა დაინახონ, რომ საკუთარ „საქმეს“ შეიძლება მრავალფეროვანი ფორმა ქონდეს, იქნება ეს შემოქმედებითი საქმიანობა, სამოქალაქო ჩართულობა თუ ინოვაციური იდეების განხორციელება.
დასკვნა
ჩვენ გვჯერა, რომ ახალგაზრდების განვითარება პირველ რიგში მათი უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას უნდა ეფუძნებოდეს. უნდა მოვუსმინოთ ახალ თაობას, მათ სურვილებს, მისწრაფებებსა და საჭიროებებს. სწორედ ამ გზით შევძლებთ, რომ დავეხმაროთ მათ საკუთარი თავის აღმოჩენაში და ბედნიერი, თვითრეალიზებული „მეს“ ჩამოყალიბებაში.




Comments