ედინბურგის ჰერცოგის საერთაშორისო ჯილდო: პროგრამის სარგებელი ახალგაზრდებისთვის. The Duke of Edinburgh’s International Award
- Golden Compass

- Nov 18
- 1 min read
Updated: Dec 5
ედინბურგის ჰერცოგის საერთაშორისო ჯილდო არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული არაფორმალური განათლების პროგრამა, რომელიც 14-24 წლის ახალგაზრდებს ეხმარება იპოვონ თავიანთი მიზანი, ადგილი და მისწრაფებები თანამედროვე სამყაროში.
პროგრამა ედინბურგის ჰერცოგმა, პრინცმა ფილიპმა 1956 წელს დიდ ბრიტანეთში დააფუძნა. მას შემდეგ, ედინბურგის ჰერცოგის საერთაშორისო ჯილდოს ფონდმა 120 ქვეყნის ახალგაზრდულ ცენტრსა და სკოლას მიანიჭა პროგრამის აკრედიტაცია. დღესდღეობით, პროგრამაში მსოფლიოს 1.3 მილიონი ახალგაზრდაა ჩართული და მას ყოველდღიურად 1800-მდე მონაწილე უერთდება.

როგორ მუშაობს ედინბურგის ჰერცოგის საერთაშორისო ჯილდო?
პროგრამა შედგება ოთხი კომპონენტისგან: ფიზიკური რეკრეაცია, მოხალისეობრივი საქმიანობა, სათავგადასავლო ლაშქრობა და უნარების განვითარება. პროგრამაში ჩართულმა ახალგაზრდებმა თითოეულ ამ კომპონენტში კონკრეტული, რეალისტური და დროში გაწერილი მიზნები უნდა დაისახონ. დასახული მიზნების წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, ისინი საერთაშორისოდ აღიარებულ ბრინჯაოს, ვერცხლის ან ოქროს ჯილდოს მოიპოვებენ.
რა სარგებელი აქვს ედინბურგის ჰერცოგის საერთაშორისო ჯილდოს პროგრამას?
პროგრამა ახალგაზრდებს ეხმარება გაიმყარონ საკუთარი თავისადმი რწმენა, ისწავლონ, როგორ დაისახონ კონკრეტული მიზნები, გადალახონ გამოწვევები და საკუთარ თავში აღმოაჩინონ ის ინტერესები და ნიჭი, რომლებიც არც კი იცოდნენ, რომ ჰქონდათ. გარდა ამისა, პროგრამაში მონაწილეობა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, დაეხმარონ სხვა ადამიანებს და წვლილი შეიტანონ საკუთარი თემის განვითარებაში, გაჯანსაღდნენ ფიზიკურად და მენტალურად, გაიჩინონ ახალი მეგობრები და შეიძინონ დაუვიწყარი მოგონებები.
კანდიდატის შერჩევისას უნივერსიტეტები და დამსაქმებლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ კანდიდატის გუნდურობის, ლიდერობის, კომუნიკაციის, პრობლემების გადაჭრის და დროის მართვის უნარებს. ედინბურგის ჰერცოგის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ახალგაზრდა ათასობით აპლიკანტისგან გამოირჩევა, რადგან შესაძლებლობა აქვს, აღნიშნული უნარების ფლობა კონკრეტული მაგალითებით დაადასტუროს, ისაუბროს იმ გამოწვევებზე, რომლებიც პროგრამის ფარგლებში გადალახა და საკუთარი უნიკალური გამოცდილება საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდოთი გაამყაროს.




Comments